თეგი: გარემოს დაცვის სამინისტრო

იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა მიმდინარე წლის იანვარის თვეში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოავლინეს. სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 333 361 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის 118 67 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი და 214 691 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შვიდი – ქვემო ქართლის, ოთხი – მცხეთა-მთიანეთის, 13 – შიდა ქართლის, ათი – სამცხე-ჯავახეთის, 21 – იმერეთის, ერთი – გურიის, ორი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.  

გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს ვაკეთებთ - შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთი წლის პერიოდში ვაჩვენოთ მაქსიმალური პროგრესი და ეს ასეც არის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების შესრულების (DCFTA) მიმართულებით. ასევე, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც პარლამენტი ამ მიმართულებით განიხილავს. არაერთ ღონისძიებას ვატარებთ, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ პროგრესი. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი და ვფიქრობთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იმედია, ეს ასეც იქნება, საქართველო, მთლიანად ქართველო ერი ველით ამას“, – განაცხადა შამუგიამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სტატისტიკა მოწმობს, რომ ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. „ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებია მოსაძიებელი, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია. შესაბამისად, უნდა მოგეცეს საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა,“ - განაცხადა ადვოკატმა. ეკა ქობესაშვილის თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები. „დღეს, დამკავებელმა ორგანომ სასამართლოში დაკავებულები ყველანაირი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე წარმოადგინა. ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში როგორც ვიდეო მტკციებლებებს, ისე მოწმეებს, რომლებიც უტყუარად დაადასტურებენ, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ჩვეულებრივად სიტყვის და აზრის გამოხატვის შეზღუდვა,“ - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მეორე დღეა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 - წლიანი ლიცენზია. საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება. „პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება. გუშინ შეეცადნენ, „დაშინების მეთოდით“ პროტესტის განეიტრალებას, თუმცა უკან არ დაიხევენ,“ - განაცხადა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან.